Facebook-ზე ვირუსულად გავრცელდა თაღლითური ვიდეო, რომელსაც შეცდომაში შეყავს მომხმარებელი

21 სექტემბერი, 2021

არ ენდოთ Facebook-ზე ვირუსულად გავრცელებულ თაღლითურ ვიდეოს, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი!

 

აღნიშნული ვიდეო არის თაღლითური და მიზნად ისახავს ჩვენი მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას, თითქოს *#62# კოდის აკრეფვის შემთხვევაში,  აბონენტი დაინახავს ტელეფონის ნომერს, რომლითაც მას "უსმენენ"  და სახელდება ნომერი: 577 708 011. ხოლო კოდი ##002#-ის აკრეფვის შემთხვევაში, როგორც ვიდეოში გვიმტკიცებენ,  აბონენტს შეუძლია გაწყვიტოს კავშირი ამ ნომერთან.

 

 

დასახელებულ ნომრებს, კოდებს და ციფრების კომბინაციებს არაფერი საერთო არ აქვს ვიდეოში მოხსენიებულ საკითხებთან.

როცა თქვენ მიუწვდომელი ხართ, ან სხვა არის მიუწვდომელი ქსელში, იღებთ ისეთ შეტყობინებას, როგორიცაა  "ხაზზე ვარ" და "გამოტოვებული ზარები". სწორედ ამ სერვისების შეტყობინებებს გზავნის სადგური, ერთი კონკრეტული სისტემური ნომრიდან - +995577708011.

ამ ნომერს სხვა ფუნქცია არ აქვს, გარდა იმისა, რომ გააგზავნოს ეს ორი შეტყობინება.

 

რადგან აღნიშნული ნომერი სისტემურია, ის მოქმედია, მიუხედავად იმისა, ჩართული აქვს თუ არა აბონენტს „გამოტოვებული ზარების“ ან „“ხაზზე ვარ“ სერვისები.

 

გვინდა განვუმარტოთ მომხმარებლებს, რომ კოდები - ##002# და *#62# - გამოიყენება მხოლოდ ზარის გადამისამართების სერვისის სამართავად და არავითარი სხვა დანიშნულება არ აქვთ. შესაბამისად, არ უნდა მიაქციოთ ყურადღება ვიდეოს შინაარსს და იგივე აცნობოთ მეგობრებს.