წინანდლის მუსიკალური ფესტივალის შესახებ

27 მაისი, 2020

პანდემიით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე წინანდლის მუსიკალური ფესტივალი 2020 წელს არ ჩატარდება.
 
კლასიკური მუსიკის ამ მასშტაბურმა ღონისძიებამ გასულ წელს 300-მდე მუსიკოსს, მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან მოუყარა თავი. ფესტივალის გასაშუქებლად ჭავჭავაძეების მამულს მრავალი უცხოელი ჟურნალისტი ეწვია. თავად კონცერტები კი კლასიკური მუსიკის ყველაზე რეიტინგულ არხზე medici.tv-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 

ორი კვირის განმავლობაში წინანდალი კლასიკური მუსიკის ნამდვილ ეპიცენტრად იქცა. ფესტივალის ფარგლებში ჩამოყალიბდა პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი (PAN CAUCASIAN YOUTH ORCHESTRA, #PCYO), რომელიც 6 ქვეყანაში შერჩეული 80 ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსისგან დაკომპლექტდა. ორკესტრის ახალგაზრდა წევრებმა მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორებთან და სოლისტებთან ერთად გამართეს კონცერტები და უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურეს.

ფესტივალის ფარგლებში დაფუძნდა წინანდლის მუსიკალური აკადემიაც. პან-კავკასიური ორკესტრის წევრებს და წინანდლის აკადემიის მსმენელებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ რეპეტიციებს და მასტერ-კლასებს მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები უტარებდნენ. მდიდარი საკონცერტო პროგრამის გარდა, ფესტივალის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი - საგანმანათლებლო პროგრამა - პირველივე წელს ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

ფესტივალის წარმდგენი, კომპანია Silknet – სილქნეტი, პირველივე, მეტად საპასუხისმგებლო წელს, გვერდში დაუდგა მუსიკალურ პროექტს და წელსაც აგრძელებს მის მხარდაჭერას. Silk TV-ის ვიდეოთეკის განყოფილებაში, სრულიად უფასოდ ხელმისაწვდომია წინანდლის მუსიკალური ფესტივალის რჩეული კონცერტები. ეს ჩანაწერები კიდევ ერთხელ გააერთიანებს მუსიკის მოყვარულებს.