სილქნეტმა ლაშა თაბუკაშვილის ახალი პიესის პრეზენტაცია გამართა

29 სექტემბერი, 2016

ლაშა თაბუკაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია 27 სექტემბერს  კომპანია სილქნეტის ხელშეწყობით სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. 
 
პიესა „სადღაც, ცისარტყელას მიღმა“ ადამიანების ბედზე, თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე, სიძულვილსა და სიყვარულზეა, სადაც გმირები 20-22 წლის არიან. ნაწარმოები  გარკვეულ რემიქსებს მოიცავს.  ერთი შეხვედრის ამბავი ექსპრესიული, ლაღი და გამორჩეული იუმორით არის აღწერილი. 
 
 „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ  კომპანია სილქნეტი წარუდგენს საზოგადოებას ქართველებისათვის საამაყო  დრამატურგის ახალ პიესას. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს საინტერესო ნაწარმოები სულ მალე გაიკვალავს გზას სცენისკენ და საზოგადოების ყურადღებას ისევე მიიპყრობს,  როგორც ავტორის ძალიან ბევრი ცნობილი ნაწარმოები“- განაცხადეს სილქნეტში.
ავტორს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ნაწარმოებები, როგორიცაა  “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”, “ძველი ვალსი”, “ათვინიერებენ მიმინოს”, “შენკენ სავალი გზები”,  “მერე რა რომ სველია, სველი იასამანი”, “თოვლივით თეთრი თოვლი”. მისი პიესები არაერთი ქვეყნის სცენაზეა დადგმული. ასევე არის ოცამდე მოთხრობის ავტორი.
 
მწერალი და დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი რუსთაველის პრემიის ლაურეატია. ნიუ-იორკის ცნობილმა დრამატურგიულმა ცენტრმა, რომელიც იუჯინ ო'ნილის სახელს ატარებს, ლაშა თაბუკაშვილი ორჯერ შეიყვანა XX საუკუნის საუკეთესო დრამატურგთა სიაში, ხოლო მილენიუმის შემდეგ, ყველა დროის ასი საუკეთესო დრამატურგის სიაში მოხვდა.