ფრედერიკ შოპენი და ჩელოს სონატა

5 სექტემბერი, 2019

 

14 სექტემბერს “წინანდლის ფესტივალის” დღის კონცერტზე ედგარ მორო და ითამარ გოლანი შოპენისა და ცეზარ ფრანკის ჩელოს სონატებს შეასრულებენ. ბლოგპოსტში მოგიყვებით შოპენის “არაშოპენურ” სონატაზე, რომელიც საზოგადოებამ თავის დროზე ვერ მიიღო, მაგრამ დაგვანახა როგორი იქნებოდა მისი შემოქმედება, რომ არა ნაადრევი სიკვდილი. ასევე გაიგებთ ვის აჩუქა ცეზარ ფრანკმა ლისტის ქალიშვილისთვის შეპირებული სონატა ქორწილში. 

 

ფრედერიკ შოპენი და ჩელოს სონატა

შოპენის ჩელოს სონატას ორი წელი, ორასზე მეტი გვერდისგან შემდგარი ჩანაწერი და უფრო მეტი წაშლილი დასჭირდა, სანამ მის სიცოცხლეში გამოქვეყნებული უკანასკნელი ნაწარმოები გახდებოდა. 1847 წელს გამომცემლობისთვის მიყიდული პარტიტურა პირველად 1848 წელს კომპოზიტორმა ოგიუსტ ფრანკომმა შოპენის თანხლებით შეასრულა კონცერტზე პარიზში, რომელიც შოპენის ბოლო საჯარო გამოსვლა აღმოჩნდა. 
პრემიერაზე სონატა პირველი ნაწილის გარეშე შესრულდა, რადგან ვარაუდობენ, რომ მან ვიწრო წრეში წარდგენისას შოპენის მეგობრების სათანადო მოწონება ვერ დაიმსახურა. მეტიც, მე-19 საუკუნეში არც მთელი სონატა სარგებლობდა პოპულარობით შოპენის მოყვარებულებში. ალბათ იმიტომ, რომ ამ ნაწარმოებით კომპოზიტორი “წმინდა შოპენისეულ სტილს” გასცდა და ახალი მიმართულება მოძებნა. სამაგიეროდ, ჩვენ მოგვცა საშუალება, დაგვენახა როგორი იქნებოდა მისი შემოქმედება 1849 წელს 39 წლის ასაკში რომ არ გარდაცვლილიყო.

 

ეჟენ იზაის საქორწინო საჩუქარი

განსაკუთრებულ ფასეულობას ჩელოს ვერსიას ერთი გავრცელებული ლეგენდა სძენს, რომლის მიხედვით, ფრანკს სონატა თავდაპირველად ჩელოსთვის ჰქონდა ჩაფიქრებული. პაბლო კაზალსი ერთ-ერთ წერილში აღნიშნავდა: "...რაც უეჭველად მახსოვს არის ის, რომ იზაიმ მითხრა, თითქოს ფრანკმა უთხრა, სონატა ვიოლონოსთვის ან ჩელოსთვის იყო განკუთვნილი. სწორედ ამიტომ შევისწავლე და ხშირად ვასრულებდი მას ჩემს ტურნეებში". იზაის ვაჟი კი იხსენებდა, რომ ფრანკი სონატას თავდაპირველად მონსენიორ ფრანკომისთვის წერდა. ლეგენდები ხშირად დიდი ადამიანების მიერ სხვა დიდ ადამიანებზე მოგონებებით იბადება. ასეთ დროს ხანდახან მნიშვნელობაც არ აქვს, რა შეესაბამება სიმართლეს და რა - არა... მთავარია, რომ 14 სექტემბრის დღის კონცერტზე შესრულებული ორი სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის მუსიკის ისტორიის არაერთ უდიდეს სახელს აკავშირებს ერთმანეთთან და ჩვენც შესაძლებლობას გვაძლევს, შევეხოთ ამ ისტორიის ლეგენდებით მოცულ ნაწილს. 

შოპენის ჩელოს სონატის პრემიერიდან 10 წელიწადში სეზარ ფრანკი ფერენც ლისტის ქალიშვილს, კოზიმას, სავიოლინო სონატას მიძღვნას პირდება. ფრანკმა დანაპირები სავიოლინო სონატა მას არა, მაგრამ ბელგიელ მევიოლინესა და კომპოზიტორ ეჟენ იზაის საქორწინო საჩუქრად 30 წლის შემდეგ მიართვა. იზაის საჩუქარი იმდენად მოეწონა, რომ ნაჩქარევი რეპეტიცია 1886 წლის 26 სექტემბერს ქორწილის დღესვე სტუმრად დაპატიჟებულ პიანისტ მარი ლეინტინასთან ერთად გაიარა და სონატა თავის სტუმრებს მოასმენინა. სონატამ იზაის რეპერტუარში უდიდესი ადგილი დაიკავა. ფრანკის ნაწარმოები იზაის კოლეგებს იმდენად მოეწონათ, რომ სონატა არაერთი საკრავისთვის გადაკეთდა. მაგრამ კომპოზიტორის ხელდასმით ერთადერთი ვერსია ფრანგმა ჩელისტმა, ოგიუსტ ფრანკომის მოსწავლე ჟიულ დელსარმა შექმნა. ლეგენდის მიხედვით, ფრანკს სონატა თავიდან ჩელოსთვის ჰქონდა ჩაფიქრებული - ასე იხსენებენ პაბლო კაზალსი და იზაის ვაჟი იზაის ნათქვამს. 

14 სექტებერს დღის კონცერტზე შესაძლებლობა გექნებათ მოისმინოთ შოპენის ჩელოს სონატა, იმ სახით რომლითაც დაწერა და მის სიცოცხლეში არ გაჟღერებულა და სეზარ ფრანკის სავიოლინე სონატის იმ ერთადერთი ინსტრუმენტის (ჩელოს) ვერსია, რომელიც კომპოზიტორს ჰქონდა ჩაფიქრებული.

 

ამ დროს საქართველოში...   

1886 წელს "თბილისის სამუსიკო კლასები", დაბალი ტიპის სასწავლებელი და იმ დროს კავკასიაში ერთადერთი სამუსიკო-საგანმანათებლო კერა, საშუალო მუსიკალურ სასწავლებლად გადაკეთდა. იმავე წელს, მოსკოვის კონსერვატორია ჩელოს განხრით დაამთავრა ივანე სარაჯიშვილმა. ის პირველი ქართველი ჩელისტია, რომელმაც უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო. დიდი ვანო სარაჯიშვილის ბიძაშვილი მოსკოვიდან იმავე 1886 წელს დაბრუნდა და თბილისის სასწავლებელში პედაგოგი გახდა. ივანე სარაჯიშვილი ქართული სავიოლონჩელო სკოლის ფუძემდებლად მიიჩნევა.
 



მომზადებულია ნინო ჟვანიას მასალების მიხედვით