ჰაინრიხ ჰაინე და გერმანული ლიდი

5 სექტემბერი, 2019


13 სექტემბერს “წინანდლის ფესტივალზე” ვოკალურ მუსიკას მოისმენთ. ცნობილი ბარიტონი თომას ჰემპსონი და კანადელი პიანისტი იან ლისეცკი შუბერტისა და შუმანის ნაწარმოებებს შეასრულებენ.  ბლოგში კი მოგიყვებით, რა იქცა ამ ორი კომპოზიტორის შთაგონებად ვოკალურ ციკლებზე მუშაობისას და რა ადგილი ეკავა სიმღერას მათ შემოქმედებაში.

 

ჰაინრიხ ჰაინე და გერმანული ლიდი

 

ჰაინრიხ ჰაინემ დიდი გავლენა მოახდინა ლიდის (გერმანულენოვანი სიმღერის) განვითარებაზე. შუბერტი, ბრამსი, შტრაუსი და სხვა დიდი კომპოზიტორები, ლიდზე მუშაობისას, სწორედ ჰაინეს პოეზიაში პოულობდნენ შთაგონების წყაროს.

1827 წელს შექმნილი ჰაინეს ლექსების კრებული “სიმღერების წიგნი” 2000-ზე მეტ სიმღერას დაედო საფუძვლად, მათ შორის იმ ორ ციკლს, რომელსაც 13 სექტემბერს წინანდლის ფესტივალზე მოისმენთ.

 

შუბერტის "გედის სიმღერა"

 

ფრანც შუბერტი ჰაინეს “სიმღერების წიგნის” გამოცემიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა, მაგრამ ამ წელს განსაკუთრებით ბევრი შედევრის შექმნა მოასწრო. მათ შორის უკანასკნელი 14 სიმღერა ვენელმა გამომცემელმა შეიძინა და “გედის სიმღერის” სახელით გამოაქვეყნა. ექვსი ლექსი ჰაინეს კრებულიდანაა, შვიდი სიმღერის ტექსტი ლუდვიგ რელშტაბს, ერთი კი იოჰან გაბრიელ ზაიდლს ეკუთვნის. “გედის სიმღერას” ერთიანი სიუჟეტი არ აქვს, რადგან ვარაუდობენ, რომ შუბერტს ჰაინესა და რელშტაბის სიმღერების ცალ-ცალკე გამოცემა სურდა.

 13 სექტემბერს თომას ჰემპსონი შუბერტის "გედის სიმღერას" ჰაინრიხ ჰაინეს ლექსებზე შექმნილი ექვსი სიმღერით წარადგენს.

 

რობერტ შუმანის "პოეტის სიყვარული"

 

შუბერტის გარდაცვალებისა და მისი უკანასკნელი სიმღერების შექმნის წელს ჰაინრიხ ჰაინე რობერტ შუმანს შეხვდა. თავისი პირველი სიმღერა შუმანმა ამ შეხვედრიდან 12 წლის შემდეგ შექმნა. ჰაინეს პოეზია შუმანის შთაგონების წყარო არაერთხელ გახდა. 1840 წლამდე კომპოზიტორი მხოლოდ საფორტეპიანო მუსიკას წერს, მაგრამ შემდეგ ლიდის ჟანრით ინტერესდება  და მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 140 სიმღერას ქმნის. ამ პერიოდში თავის პედაგოგს (ფრიდრიხ ვიკს) სასამართლოში მის ქალიშვილზე ქორწინების უფლების მოპოვებისთვის ედავება, პარალელურად “სიმღერების წიგნში” კერძოდ კი, "ლირიკულ ინტერმეცოში" პოულობს ინსპირაციას და ვოკალურ ციკლს ქმნის. თავდაპირველად 20, შემდეგ კი 16 ლექსს არჩევს და შუბერტის მსგავსად არჩეულ სიმღერებს ერთი ნარატიული ხაზით კრავს. ვოკალურ ციკლში გვიყვება სიყვარულზე, მის დაკარგვაზე, დაკარგვით გამოწვეულ ტანჯვაზე  და მას “პოეტის სიყვარულს” არქმევს.

13 სექტემბერს სტუმრები ციკლის თავდაპირველ, 20 სიმღერისგან შემდგარ ვერსიას მოისმენენ.

 

ამ დროს საქართველოში...

 

1844 წელს საქართველოში მეფისნაცვლად ინიშნება გრაფი მიხეილ ვორონცოვი. სწორედ მის სახელს უკავშირდება თბილისში საოპერო თეატრის დაარსება. 1845 წელს საქართველოს დედაქალაქს სტავროპოლიდან ეწვია მსახიობთა დასი, რომელსაც თბილისში მუსიკალური სპექტაკლების დადგმა სურდა. ვინაიდან სპეციალური შენობა არ არსებობდა, ვორონცოვმა სპექტაკლებისთვის მანეჟის შენობა დაუთმო მსახიობებს. ახალ თეატრში ფარდა პირველად 1845 წლის 20 სექტემბერს აიწია.  

 

 

მომზადებულია ნინო ჟვანიას მასალების მიხედვით