დიდი ხელოვანის ხსოვნას

12 აგვისტო, 2019



დიდი ხელოვანის ხსოვნას

საფორტეპიანო ტრიოს ჟანრის მოყვარულთათვის 11 სექტემბერს წინანდლის ფესტივალის რიგით მეშვიდე კონცერტი გაიმართება. პინხას ცუკერმანი, ამანდა ფორსიტი და ჯორჯ ლი დმიტრი შოსტაკოვიჩის და პეტრე ჩაიკოვსკის საფორტეპიანო ტრიოებს შეასრულებენ. კომპოზიტორთათვის ორივე ტრიოს შთაგონების წყაროდ მათი უდროოდ წასული მეგობრები გახდნენ. გაინტერესებთ, როგორ ჟღერს დანაკარგით გამოწვეული სევდა? შეიძინეთ ბილეთები და მოისმინეთ. 
 

შოსტაკოვიჩის მეორე საფორტეპიანო ტრიო

 

დმიტრი შოსტაკოვიჩის ცხოვრება და შემოქმედება თითქმის სრულებით ეწინააღმდეგება ცნობილ რომაულ გამონათქვამს - "როცა ზარბაზნები ქუხს, მუზები დუმს". მისი უმნიშვნელოვანესი მეშვიდე და მერვე სიმფონიები, ასევე მეორე საფორტეპიანო ტრიო სწორედ მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა. ნაწარმოებზე მუშაობა შოსტაკოვიჩმა 1943 წელს, ორივე სიმფონიის დასრულების შემდეგ დაიწყო. თუმცა, ტრიოს პირველი ნაწილის დამთავრებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, 1944 წლის 11 თებერვალს 41 წლის ასაკში გარდაიცვალა შოსტაკოვიჩის უახლოესი მეგობარი, ივან სოლერტინსკი, რომელიც ბრწყინვალე მუსიკისმცოდნე, კრიტიკოსი, ლენინგრადის ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. სწორედ ევაკუირებულ ფილარმონიასთან ერთად იმყოფებოდა სოლერტინსკი ნოვოსიბირკსში, როდესაც მოულოდნელად გულმა უმტყუნა. 


მეგობრის დაღუპვა კომპოზიტორისთვის მძიმე გადასატანი აღმოჩნდა. "სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ სასოწარკვეთილებას, რომელიც მისი სიკვდილის შესახებ ცნობის მიღებისას დამეუფლა. იგი ჩემი უახლოესი და უძვირფასესი მეგობარი იყო. მის გარეშე ცხოვრება აუტანლად ძნელი იქნება", - წერდა კომპოზიტორი სოლერტინსკის ქვრივს. კომპოზიტორს მუსიკის წერაც აღარ გამოსდიოდა. 1944 წლის აპრილში იმასაც კი ამბობდა, რომ ეჭვი ეპარებოდა, ოდესმე თუ შეძლებდა კიდევ რამის დაწერას. თუმცა საბედნიეროდ კომპოზიტორი კვლავ მიუბრუნდა ტრიოს და დაასრულა კიდეც იგი ზაფხულში. ნაწარმოები კი, რა თქმა უნდა, თავის გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნა.
პრემიერა 1944 წლის ნოემბერში შედგა. კონცერტზე მისულმა სოლერტინსკის დამ მეორე ნაწილში საკუთარი ძმა ამოიცნო, "ივან ივანოვიჩის საოცრად ზუსტი პორტრეტი. ეს მისი ხასიათია, მისი კამათის ხელოვნება, საუბრის მანერა, ერთსა და იმავე აზრისადმი დაბრუნებისა და ამ აზრის განვითარების ჩვევა", - აღნიშნავდა იგი. ნაწარმოები ასევე სავსეა იმ სასოწარკვეთითა და ტრაგიზმით, რაც მსოფლიო ომმა კაცობრიობას დაუტოვა. მსოფლი ომთან დაკავშირებით შოსტაკოვიჩმა განსაკუთრებით ტყვეების შესახებ მონაყოლი განიცადა, როდესაც მათ SS-ის ჯარისკაცები უშუალოდ დახვრეტის წინ თავიან საფლავებთან ცეკვას აიძულებდნენ. ამ ამბავმა კომპოზიტორზე ისე იმოქმედა, რომ მუსიკისთვის ინსპირაციადაც კი იქცა. ბრიტანელი კრიტიკოსის იან მაკდონალდის აზრით, შოსტაკოვიჩის ებრაული სტილის მელოდიაზე დაფუძნებული ტრიოს (danse macabre - სიკვდილის ცეკვა) ფინალში კომპოზიტორმა სწორედ ეს სცენა გააცოცხლა. 

 

ჩაიკოვსკის საფორტეპიანო ტრიო


პეტრე ჩაიკოვსკის საფორტეპიანო ტრიოს შექმნაც უახლოესი მეგობრის დაკარგვასთანაა დაკავშირებული. კამერული მუსიკის ჟანრისადმი ჩაიკოვსკი ყოველთვის გულგრილი იყო და შესაბამისად, არც საფორტეპიანო ტრიოს დაწერა ჰქონდა გეგმაში, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ერთ დღესაც მან მიიღო წერილი თავისი მფარველისგან, მეცენატ ნედეჟდა ფონ მეკისგან, რომელშიც ის წერდა: "რატომ არ გაქვს დაწერილი საფორტეპიანო ტრიო? ყოველდღე მიკრავენ ტრიოებს, მე კი ვოხრავ და ვნანობ, რომ არც ერთი ტრიო არ შეგიქმნია". კომპოზიტორი ამ კითხვას 1880 წლის 27 ოქტომბერს გაგზავნილ საპასუხო წერილში გასცა პასუხი: "საქმე იმაშია, რომ ჩემი აკუსტიკური აპარატის წყობიდან გამომდინარე, ვერ ვიღებ ფორტეპიანოს კომბინაციას სოლო ვიოლინოსა და ჩელოსთან. ეს ჟღერადობები თითქოს ერთმანეთთან შეუთავსებელია და გარწმუნებთ, ჩემთვის ტანჯვაა ნებისმიერი ტრიოს, ან სავიოლინო თუ ჩელოს სონატის მოსმენა... " 


პოპულარული ჟანრისადმი კომპოზიტორის დამოკიდებულების მიუხედავად, 1881 წელს ის მაინც იწყებს მუშაობას თავის ერთადერთ საფორტეპიანო ტრიოზე. სწორედ ამ წელს გარდაიცვალა მისი უახლოესი მეგობარი, დიდი პიანისტი ნიკოლაი რუბინშტეინი, რამაც კომპოზიტორზე მძიმე გავლენა იქონია. "თავში ბნელა, და სხვანაირად ვერც იქნება, ვინაიდან სუსტი გონება ვერ იძლევა პასუხს კითხვებზე, რომლებიც უკავშირდება სიკვდილს, ცხოვრების მიზანსა და აზრს, უსასრულობასა და მის სასრულობას", - წერდა იგი. მეგობრის სიკვდილმა კომპოზიტორზე იმდენად იმოქმედა, რომ ამან პირდაპირი გავლენა მის მუსიკაზეც მოახდინა. ასე შეიქმნა ორნაწილიანი მასშტაბური საფორტეპიანო ტრიო "დიდი ხელოვანის ხსოვნას". 
ტრიოზე მუშაობა 1882 წლის 9 თებერვალს დასრულდა. პრემიერა კი კომპოზიტორის მეგობრის გარდაცვალების წლისთავზე - 23 მარტს, მოსკოვის კონსერვატორიაში მეგობრებისა და კოლეგების ვიწრო წრეში გაიმართა. არაერთგვაროვანი კრიტიკის მიუხედავად, მსმენელმა პირველი მოსმენისთანავე შეიყვარა ნაწარმოები. როგორც ჩაიკოვსკის ცხოვრებაში, ისე შემდეგაც რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ ტრიო ხშირად სრულდებოდა. არც შემთხვევითია ის, რომ კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ, 1893 წლის ნოემბერში მოსკოვსა და პეტერბურგში ჩაიკოვსკის ხსოვნის საპატივცემულოდ გამართულ კონცერტებზე არაერთხელ გაჟღერდა სწორედ ლა-მინორული ტრიო... 
 

P.S. ამ დროს საქართველოში...
 

პეტრე ჩაიკოვსკი ხშირად სტუმრობდა საქართველოს. მაგალითად, 1886-1890 წლებში ის ხუთჯერ იმყოფებოდა აქ, რის გამოც ის ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ კომპოზიტორად ითვლება. ჩაიკოვსკიმაც, როგორც ეს მისი წერილებიდან ირკვევა, საქართველო და თბილისი ძალიან შეიყვარა: "მთავარი ქუჩები საოცრად ცოცხალია, მაღაზიები - მდიდრული და ყველგან ევროპის სურნელია...", - წერდა იგი. 
საქართველომ ძალიან თბილად მიიღო დიდი კომპოზიტორი, რომლის ფასი, როგორც ირკვევა, ქართულმა საზოგადოებამ ჩაიკოვსკის ჩამოსვლამდეც კარგად უწყოდა. "არ ველოდი, რომ ტიფლისში ასე კარგად იცნობენ ჩემს მუსიკას... ყოველივე ეს საოცრად მსიამოვნებს და კიდევ უფრო დადებითად განმაწყობს ტიფლისის მიმართ, რომელიც ისედაც მომწონს", - წერდა კომპოზიტორი ნადეჟდა ფონ მეკს. 


ბოლოს საქართველო ჩაიკოვსკი 1890 წლის შემოდგომაზე ეწვია. "რა საოცარი ქვეყანაა", - წერდა იგი ერთ-ერთ მეგობარს, - "უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, აქ სამუდამოდ დავრჩებოდი".

 

მომზადებულია ნინო ჟვანიას მასალების მიხედვით