რომანტიკული მუსიკა წინანდლის მამულში

1 აგვისტო, 2019


რომანტიკული მუსიკა წინანდლის მამულში

 

თუ კამერული მუსიკის მოყვარული ბრძანდებით, მაშინ 10 სექტემბერს აუცილებლად უნდა მოხვდეთ წინანდლის ფესტივალის რიგით მეოთხე კონცერტზე, რადგან სწორედ აქ წარსდგებიან თქვენ წინაშე მსოფლიო სცენის ვარსკვლავები - რენე კაპუსონი, ედგარ მორო და ნიკოლას ანგელიჩი, რომლებიც მენდელსონისა და ბრამსის საფორტეპიანო ტრიოებს შეასრულებენ. მათი შექმნის ისტორია განსხვავებულია... როგორ იქმნებოდა ტრიოები? რა ადგილი ეკავათ მათ მენდელსონისა და ბრამსის შემოქმედებით ცხოვრებაში? ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში ნაწილობრივ ჩვენი ბლოგი დაგეხმარებათ.... თუმცა, ბევრად მრავლისმეტყველ პასუხს თავად მუსიკა გაგცემთ! ამიტომ, იჩქარეთ ბილეთების შეძენა. 


 

წინანდალი და პირველი პიანინო საქართველოში

 


წინანდალი ძალიან უხდება რომანტიზმის ეპოქის მუსიკას, მართალია მუსიკალურ რომანტიზმთან ამ ადგილს პირდაპირი კავშირი არ აქვს, თუმცა სწორედ ჭავჭავაძეების მამულში ჩაეყარა საფუძველი ქართულ ლიტერატურულ რომანტიზმს.. წინანდლის ულამაზეს სივრცეში კლასიკური მუსიკაც ხშირად ჟღერდა. ფორტეპიანოს ჰანგებმა საქართველოში პირველად ხომ სწორედ ქართული რომანტიზმის ფუძემდებლის, ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლეში გაიჟღერა. ამ მოვლენასაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა რომანტიზმთან - უსაზღვროდ შეყვარებულმა რუსმა დიპლომატმა, პოეტმა და კომპოზიტორმა, ალექსანდრე გრიბოედოვმა საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი ინსტრუმენტი მის გულის სწორს, ნინო ჭავჭავაძეს მიართვა საჩუქრად. რის შემდეგაც ევროპული კლასიკური მუსიკა ხშირად ჟღერდა წინანდალში, მათ შორის, ალექსანდრეს ულამაზესი ქალიშვილების შესრულებით. 1839 წელს კი ქართული რომანტიზმის კიდევ ერთმა დიდმა წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ბარათაშვილმა ეკატერინე ჭავჭავაძეს ფორტეპიანოს ლექსიც კი მიუძღვნა - "...ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი". 

ხმა საკრავისა,
ნელ ნარნარისა,
სულს განახარებს;
და მშვენიერის
ენა ამიშლის
გულისა ჭირებს!

 

მენდელსონის პირველი საფორტეპიანო ტრიო

 


დიდი დამსახურება იმაში, რომ დღეს ჩვენ მენდელსონის ასეთი ვირტუოზული და წარმომადგენლობითი მუსიკით შეგვიძლია დავტკბეთ, კომპოზიტორის მეგობარს, ასევე კომპოზიტორსა და პიანისტს, ფერდინანდ ჰილერს მიუძღვის - როდესაც 1839 წელს ფელიქს მენდელსონმა შორეულ გერმანიაში შექმნა ტრიო ვიოლინოს, ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის, მან კომპოზიცია პირველად სწორედ თავის მეგობარს აჩვენა. ჰილერმა ობიექტურობა გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ტრიო ძალიან მოეწონა, მის ერთ ნაკლს მაინც გაუსვა ხაზი. თავად ჰილერი იხსენებს, რომ პირველი ნაწილის საფორტეპიანო პარტიაში მარტივ არპეჯიოებზე დაფუძნებული ზოგიერთი პასაჟი "გულწრფელად რომ ვთქვათ, ძველმოდურად ჟღერდა". ჰილერი რომანტიზმის ეპოქის უდიდესი კომპოზიტორებთან და პიანისტებთან, ფრედერიკ შოპენთან და ფერენც ლისტთანაც მეგობრობდა და შესაბამისად, კარგად უწყოდა, რომ "ახალი საფორტეპიანო სკოლის ძირითადი მახასიათებელი პასაჟების სიმდიდრეა". მენდელსონმა გაითვალისწინა მეგობრის რჩევა და თავიდან ბოლომდე გადააკეთა არა მარტო პირველი, არამედ ოთხივე ნაწილის საფორტეპიანო პარტია. შედეგად კი კომპოზიცია ბევრად უფრო შთამბეჭდავი გახდა. 
ტრიოს პრემიერის შემდეგ, ის მაგალითი გახდა მენდელსონის თანამედროვეებისთვის, როგორებიც იყვნენ ფანი ჰენზელი, ფრანც ბერვალდი და რობერტ შუმანი. მათ სტილისტურად მსგავსი და ამავე ტონალობის საფორტეპიანო ტრიოები შექმნეს. იმავდროულად, ტრიო კომპოზიტორის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ხშირად შესრულებად ქმნილებად იქცა. შემთხვევით არ უწინასწარმეტყველა მას იმავე რობერტ შუმანმა ბრწყინვალე და წარმატებული მომავალი: "ეს არის ჩვენი დროის სანიმუშო ტრიო... განსაკუთრებით დახვეწილი თხზულება, რომელიც მომავალში არაერთხელ მოუტანს სიხარულს ჩვენს შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს" 



ბრამსის პირველი საფორტეპიანო ტრიო

 

რობერტ შუმანის წინასწარმეტყველება ახალგაზრდა ბრამსის შემთხვევაშიც გამართლდა - როდესაც პიანისტმა პირველად მოისმინა ბრამსის ნაწარმოებები, მას გენიოსი და გერმნაული მუსიკის გადამრჩენელი უწოდა. საინტერესო ფაქტია, რომ გერმნაული მუსიკის გადამრჩენლის შემოქმედების დიდ ნაწილს საფუძვლად სწორედ მისი მენტორისა და უფროსი მეგობრის, რობერტ შუმანის მეუღლისადმი, ცნობილი პიანისტის, კლარა შუმანის მიმართ სიყვარულისა და დანაშაულის გრძნობების ნაზავი დაედო. ბრამსი იმ პერიოდის მუსიკალური სამყაროს ყველაზე ცნობილ წყვილს - რობერტ და კლარა შუმანებს 1853 წლის სექტემბერში 4 კვირის განმავლობაში სტუმრობდა. სწორედ ამ პერიოდში შეუყვარდა კომპოზიტორს კლარა შუმანი. 


საფორტეპიანო ტრიოზე მუშაობა ბრამსმა 1854 წლის იანვარში დაასრულა. იმავე წლის 27 თებერვალს კი რობერტ შუმანმა, მრავალწლიანი ფსიქიური აშლილობით დატანჯულმა, რაინში თავის დახრჩობა სცადა. სწორედ ბრამსი დაეხმარა კლარას ამ ურთულეს დღეებში. ერთი კვირის თავზე მათ რობერტ შუმანი ენდენიჰის თავშესაფარში მოათავსეს, სადაც 1856 წელს გარდაიცვალა კიდეც დიდი კომპოზიტორი. უბედური შემთხვევის შემდეგ ბრამსი კლარას ყველაზე ერთგულ მეგობრად იქცა. მადლიერების და აღიარების ნიშნად კი კლარამ ბრამსს რეკომენდაცია გაუწია შუმანის გამომცემლობასთან Breitkopf & Härtel, რომელმაც დაბეჭდა კიდეც ბრამსის რამდენიმე ოპუსი, მათ შორის საფორტეპიანო ტრიო. 
35 წლის შემდეგ ბრამსის პირადმა გამომცემელმა ფრიც ზიმროკმა Breitkopf & Härtel-გან მისი პირველი 10 ოპუსი გამოისყიდა და კომპოზიტორს ნაწარმოებების ხელახლა გამოქვეყნებამდე მათი გადამუშავება შესთავაზა. "კიდევ ერთხელ დავწერე ჩემი სი-მაჟორული ტრიო", - წერდა 1889 წლის ზაფხულში ბრამსი კლარას. ახალ ვერსიაში ბრამსმა მთავარი თემები შეინარჩუნა, თუმცა მათი დამუშავების ხერხები შეცვალა. ტრიო საგრძნობლად შემოკლდა და უფრო კომპაქტური გახდა. "შემიძლია ვუწოდო მას თხზ. 108 და არა თხზ. 8. ის არ იქნება ისეთი ველური, როგორიც იყო, მაგრამ იქნება კი იგი უკეთესი?" 
ახალმა ვერსიამ მაინც შეინარჩუნა თხზულების ნომერი, თუმცა ბრამსმა გამოაქვეყნა ორივე და თავად მუსიკოსებს როგორც შეფასების, ისე არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა (ამ კონცერტზე თქვენ უფრო ხშირად შესრულებად მეორე ვერსიას მოისმენთ). ჩვენ ასევე შეგვიძლია მოვუსმინოთ თავისებურ დიალოგს, რომელსაც 56 წლის საყოველთაოდ აღიარებული და ყველა დროის უდიდესი კომპოზიტორი 21 წლის საკუთარ თავთან მართავს. 

 

მომზადებულია ნინო ჟვანიას მასალების მიხედვით