ბეთჰოვენის არჩევანი

8 ივლისი, 2019


ბეთჰოვენის არჩევანი
 

9 სექტემბერს წინანდლის ფესტივალის რიგით მესამე კონცერტი მთლიანად ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შემოქმედებას დაეთმობა. ჩვენი დროის უდიდესი პიანისტი, სერ ანდრაშ შიფი მეოთხე საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს, თანხლებას კი მას გაბორ ტაკაჩი-ნაჯის დირიჟორობით ვერბიეს ფესტივალის კამერული ორკესტრი გაუწევს. კონცერტის მეორე განყოფილებაში კი იგივე ორკესტრი ბეთჰოვენის მეორე სიმფონიას წარუდგენს მსმენელს. მეორე სიმფონია საქართველოში იშვიათად სრულდება, მეოთხე კონცერტისგან განსხვავებით. ამიტომ, შეგახსენებთ: არ დაგავიწყდეთ ბილეთების შეძენა!
 

ჰაილიგენშტადტის ანდერძი 
 



"სულ რაღაც 28 წლის ასაკში იძულებული ვარ, ფილოსოფოსად ვიქცე. ეს არაა ადვილი, ხელოვანისთვის კი გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ადამიანისთვის", -  წერდა ბეთჰოვენი 1802 წლის ოქტომბერში თავისი ძმებისადმი განკუთვნილ წერილში, რომელიც ისტორიაში "ჰაილიგენშტადტის ანდერძის" სახელით შევიდა. თუმცა წერილმა, რომელიც კომპოზიტორს ადრესატებისთვის არ გაუგზავნია, დღის შუქი მხოლოდ 1827 წელს იხილა, როდესაც ის ბეთჰოვენის პირად არქივში მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს. ავსტრიის პატარა ქალაქში შექმნილ ანდერძში ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი აღწერს, რამდენად დამთრგუნველია სმენის დაკარგვა და რამდენად ძნელია სასოწარკვეთილებასთან გამკლავება. "განა შემეძლო, ღიად მეღიარებინა სწორედ იმ გრძნობის სისუსტე, რომელსაც ნებისმიერ ადამიანზე მეტად უზადოდ უნდა ვფლობდე? ცოტაც და ცხოვრებას ჩემი ხელით დავასრულებდი. მხოლოდ მან, ხელოვნებამ, შემაკავა. წარმოუდგენლად მივიჩნიე, დამეტოვებინა სამყარო მანამ, სანამ არ განვახორციელებდი ყველაფერს, რისთვისაც მოწოდებული ვარ", - წერდა მართლაც რომ ფილოსოფოსად ქცეული ბეთჰოვენი.
 

მეოთხე საფორტეპიანო კონცერტი


მეოთხე საფორტეპიანო კონცერტი ანდერძის დაწერიდან ოთხი წლის შემდეგ შეიქმნა. პირველად საჯაროდ ის 1808 წლის 22 დეკემბერს, ვენაში შესრულდა. კომპოზიტორმა სოლისტის პარტია თვითონ შეასრულა. ეს კი მის ცხოვრებაში, როგორც პიანისტის, უკანასკნელ გამოსვლას წარმოადგენდა. მკვეთრად გაუარესებულმა სმენამ თავისი დროის უდიდეს ვირტუოზს კონცერტებზე გამოსვლის საშუალება აღარ მისცა. კონცერტზე ასევე პირველად შესრულდა მეხუთე და მეექვსე სიმფონიები, ქორალური ფანტაზია, ოთხი ნაწილი დო-მაჟორული მესიდან და რამდენიმე სხვა ოპუსი. 



წარმოიდგინეთ, ერთ კონცერტზე გაჟღერებული ამდენი შედევრი ერთად! და მაინც, კონცერტი ჩავარდა. ოთხსაათიანმა პროგრამამ, შესრულების დაბალმა ხარისხმა და ცივმა დარბაზმა მსმენელს შედევრებით სიამოვნების მიღების საშუალება არ მისცა. მეოთხე კონცერტი განსაკუთრებით დაიჩაგრა. თანამედროვეთა მოგონებებში მასზე არც წერენ, ბეთჰოვენის სიცოცხლეში კი ის მეტი აღარც შესრულებულა. 
არადა ეს შედევრი განსაკუთრებულ ყურადღებას ნამდვილად იმსახურებდა. თუნდაც იმიტომ, რომ ბეთჰოვენმა ინსტრუმენტული კონცერტის რამდენიმესაუკუნოვანი ტრადიცია დაარღვია და პირველი სიტყვა არა ორკესტრს, არამედ სოლისტ საკრავს მისცა - სწორედ სოლო ფორტეპიანო იწყებს და მხოლოდ შემდეგ გადასცემს ასპარეზს ორკესტრს. კონცერტის შუა ნაწილიც ორიგინალურობით გამოირჩევა: ყველა სხვა საფორტეპიანო კონცერტში კომპოზიტორი მეორე ნაწილებში თითქოს სულიერი სიმშვიდის ძიებაშია; აქ კი ის ფორტეპიანოსა და ორკესტრს შორის დრამატულ დიალოგს გვთავაზობს; ადოლფ ბერნარდ მარქსმა, ბეთჰოვენის ერთ-ერთმა ბიოგრაფმა, ეს დიალოგი შეადარა კრისტოფ ვილიბალდ გლუკის ოპერის "ორფევსისა და ევრიდიკეს" ერთ-ერთ სცენას, სადაც თრაკიელი მგოსანი სიმღერით ველურ ცხოველებს ათვინიერებს. ფორტეპიანოს მიერ ორკესტრის მოთვინიერების იდეამ არაერთი მუსიკის მოყვარულის გული დაიპყრო და განვითარება ამერიკელი მუსიკისმცოდნის ოუენ ჯენდერის თეორიაში ჰპოვა. მის მიხედვით, არა მარტო მეორე ნაწილი, არამედ მთელი კონცერტი ორფევსის ლეგენდის სიუჟეტს მიჰყვება, რომელსაც ბეთჰოვენის დროს ხშირად დგამდნენ ვენის ქუჩის თეატრები. თეორია საკამათოა, თუმცა მისი გათვალისწინება კონცერტის სამივე ნაწილის სმენის პროცესს უდაოდ საინტერესო ელფერს მიანიჭებს. 

 
მეორე სიმფონია
 



არანაკლებ საკამათო და საინტერესოა ბეთჰოვენთან დაკავშირებით გავრცელებული მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ლუწი სიმფონიები ისტორიული მნიშვნელობით ჩამოუვარდებიან კენტ სიმფონიებს. ეს მართლაც სადაოა, ისევე როგორც მოსაზრება, რომ კენტ სიმფონიებში მეტად ვლინდება ბეთჰოვენისეული დრამატიზმი და ჰეროიზმი, ლუწებში კი - მისი მისწრაფება სიმშვიდისა და სინათლისკენ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბეთჰოვენისთვის ესოდენ რთულ 1802 წელს ქალაქ ჰაილიგენშტადტში დასრულებული მეორე სიმფონია მისი ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, მხიარული და გულღია თხზულებაა. "ყველაფერი იღიმის ამ სიმფონიაში",- წერდა ჰექტორ ბერლიოზი. სავსებით შესაძლებელია, რომ კომპოზიტორმა სიმფონიის ხალასი და ნათელი ფინალი სულ რამდენიმე დღით ადრე დაასრულა, ვიდრე ქაღალდს თავის სასოწარკვეთასა და სუიციდალურ აზრებს გაანდობთა. თუმცა ასეთი აზრები ნაკლებად იკვეთება სიმფონიაში. ნელი შესავლიდან მოყოლებული, ბეთჰოვენი თითქოს ოთხივე ნაწილის გავლით ყოვლისმომცველი სინათლისა და სიხარულისკენ მიისწრაფვის. იქნებ იმიტომ, რომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება სიცოცხლის სასარგებლოდ? "სიხარულით მივემართები სიკვდილისკენ. მაგრამ თუ ის უფრო ადრე მეწვევა, ვიდრე ჩემი ნიჭის ხელოვნებაში სრულად გამოვლენის შესაძლებლობები მომეცემა, სიკვდილი მაინც უდროო იქნება, და, მიუხედავად ჩემი ბედის სისასტიკისა, მირჩევნია, იგი უფრო გვიან მეწვიოს", - წერს იგი ანდერძში. იქნებ იმიტომაც, რომ უკვე გაიაზრა თავისი მისია? "მე მხოლოდ ცოტაოდენ მაკმაყოფილებს ჩემი უწინდელი ნამუშევრები. დღეიდან მოყოლებული, ახალ გზას ვირჩევ",  - დაახლოებით ამავე პერიოდში ეტყვის იგი ერთ მეგობარს. ამ სიტყვებს ბეთჰოვენის კენტ - მესამე "გმირულ" სიმფონიას უკავშირებენ, რადგან სწორედ ამ შედევრით განსაზღვრა ბეთჰოვენმა არა თუ სიმფონიური, არამედ ზოგადად დასავლეთ-ევროპული აკადემიური მუსიკის განვითარების მიმართულება. თუმცა მას წინ უძღოდა ლუწი - "მომღიმარე" მეორე, რომელშიც უკვე იკვეთება ეს ახალი გზა და რომელსაც, შესაძლოა, უნდა ვუმადლოდეთ ბეთჰვენის მიერ 1802 წლის ოქტომბერში გაკეთებულ არჩევანს - ესოდენ მნიშვნელოვანს მუსიკის ისტორიისათვის. 

 

P.S. ამ დროს საქართველოში...


არანაკლებ მნიშვნელოვანია 1802 წელი საქართველოს ისტორიისათვის. 12 აპრილს გენერალმა კარლ კნორინგმა ალყა შემოარტყა სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილ ქართლ-კახეთის თავადებს და 1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთი იმპერატორ ალექსანდრე I-ის მიერ გამოცემული მანიფესტის საფუძველზე საზეიმოდ გამოაცხადა სამეფოს რუსეთთან შეერთების შესახებ, რითაც საქრთველოს რეგიონების რამდენიმეწლიანი ანექსირების პროცესს ჩაუყარა საფუძველი. გენერალმა თავადებს რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცის დადება აიძულა. ნაწილმა მოახერხა ალყის გარღვევა, ხოლო დანარჩენები იძულებული გახდნენ ფიცი დაედოთ; ვინც უარი განაცხადა, დააპატიმრეს. თავადებმა, რომლებმაც ბრძოლით გაარღვიეს ალყა, აჯანყებისთვის მზადება დაიწყეს. მართალია, საბოლოოდ ქართველები დამარცხდნენ, მაგრამ სწორედ 1802 წლის აჯანყება ითვლება იმ ბრძოლის დასაწყისად, რომელმაც საქართველოს რუსეთის ოკუპაციისგან გათავისუფლება დაისახა მიზნად. 1802 წელს ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ.


 

 

მომზადებულია ნინო ჟვანიას მასალების მიხედვით