ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ინსტრუმენტი...

25 ივნისი, 2019

ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ინსტრუმენტი...


 
9 სექტემბერს წინანდლის ფესტივალის რიგით მეორე კონცერტი ახალგაზრდა ამერიკელ პიანისტს, ჯორჯ ლის მასპინძლობს. 2015 წლის ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ვერცხლის მედლის მფლობელი  ჰაიდნის, ბეთჰოვენის,  შოპენისა და  ლისტის საფორტეპიანო ნაწარმოებებს შეასრულებს, რაც მთავარია - არ დაგავიწყდეთ ბილეთების შეძენა -  http://bit.ly/2xezutW
"ფორტეპიანო ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ინსტრუმენტია: მისი გამოგონება მუსიკისთვის ისეთივე ფასეული იყო, როგორც პოეზიისთვის - ბეჭდვისა"
წერდა ჯორჯ ბერნარდ შოუ. მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ფორტეპიანო თითქმის ყველა უდიდესი კომპოზიტორის ყურადღების ცენტრშია.
შემთხვევითი არაა, რომ ამ კომპოზიტორთა უმრავლესობა ლეგენდარული პიანისტების სიაში შევიდა. 

 

ჰაიდნი და მისი საფორტეპიანო სონატა No. 62 


თუმცა, აი იოზეფ ჰაიდნი ვირტუოზი პიანისტი არ იყო. მისი საფორტეპიანო სონატების უმრავლესობა არ წარმოადგენს პიანისტის ვირტუოზობის გამოვლენის საშუალებას.  ჰაიდნის საფორტეპიანო სონატები უფრო არისტოკრატ მოყვარულ მუსიკოსთა გართობას ან ჰაიდნის სტუდენტების ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას ემსახურებოდა. თუმცა, ზემოთქმული არ ეხება მის სამ უკანასკნელ სონატას. 
 

 

1791 წელს, სამოცს მიტანებული ჰაიდნი ლონდონს ესტუმრა. სწორედ აქ მოისმინა მან იმ პერიოდის წამყვანი პიანისტი, გერმანული წარმოშობის ლონდონელი ტერეზა იანსენი - ცნობილი პიანისტისა და კომპოზიტორის, მუციო კლემენტის მოსწავლე. იანსენთან ერთად კომპოზიტორზე დიდი შთაბეჭდილება ინგლისურ საკრავებს მოუხდენია - მანამდე მას მხოლოდ გერმანულ და ავსტრიულ ინსტრუმენტებზე  უწევდა დაკვრა. შედეგად მივიღეთ სამი გენიალური და წმინდა პიანისტური თვალსაზრისით შთამბეჭდავი სონატა, რომელთაგანაც ერთ-ერთს - 1794 წელს შექმნილ 62-ე სონატას წინანდალში გააჟღერებს უკვე ჩვენი დროის ცნობილი ვირტუოზი ჯორჯ ლი. 

 

ბეთჰოვენის საფორტეპიანო სონატა No. 14 , "მთვარის სონატა"

 


 

ჰაიდნის სონატების უმეტესობისგან განსხვავებით, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ოცდათორმეტივე საფორტეპიანო სონატა პროფესიონალ ვირტუოზ შემსრულებელზეა გათვლილი, მათ შორის მე-14, ყველასათვის “მთვარის სონატის” სახელით ცნობილი სონატაც. 1832 წელს გერმანელმა კრიტიკოსმა და პოეტმა ლუდვიგ რელშტაბმა პირველი ნაწილის აღწერისას იგი ლუცერნის ტბის თავზე მნათი მთვარის შუქს შეადარა.
 
ბეთჰოვენმა, რომელსაც, სხვათაშორის, არასოდეს უნახავს ლუცერნის ტბა, 1801 წელს შექმნილი "მთვარის სონატა"  17 წლის მოსწავლეს მიუძღვნა, გრაფინია ჯულიეტა გუიჩიარდის, რომელშიც იმ დროს უყვარდა. შესაძლოა, ამ ფაქტმა განაპირობა როგორც მუსიკის უზადო სილამაზე, ისე მისი უსაზღვრო პოპულარობა. ამ პოპულარობას ხელი ვერ შეუშალა სონატის საყოველთაო სიყვარულით ოდნავ გაღიზიანებული ბეთჰოვენის სიტყვებმა:

"იცით, მე ბევრად უკეთესი ნაწარმოებებიც დამიწერია"

 

შოპენის ოთხი მაზურკა თხზ. 24
 

აი ფრედერიკ შოპენს არასოდეს აღიზიანებდა თავისი მაზურკების პოპულარობა. “ჩემს როიალს არაფერი ესმის მაზურკების გარდა” - წერდა იგი თავის ოჯახს 1831 წელს. 15 წლის ასაკიდან დიდი კომპოზიტორი და პიანისტი მთელი ცხოვრების მანძილზე უბრუნდებოდა ჟანრს, რომელშიც ყველაზე მეტი ნაწარმოები შექმნა. 59 მაზურკიდან უმეტესობა 3 ან 4 მინიატურისგან შემდგარ ციკლებში, კერძოდ, თერთმეტ თხზულებაშია გაერთიანებული. პოლონეზებთან ერთად, მაზურკები, შოპენის ყველაზე „პოლონური“ კომპოზიციებია, რომლებშიც პოლონურმა ხალხურმა მუსიკამ და ცეკვებმა ჰპოვა ასახვა. 
 

 
დღესაც მიმდინარეობს კამათი, რამდენად პირდაპირ კავშირშია შოპენის მაზურკები ხალხურ ცეკვებთან. დიდი უნგრელი კომპოზიტორი ბელა ბერტოკის თვალსაზრისით, შოპენმა ურბანულ გარემოში მოისმინა პოლონური ეროვნული მუსიკა და ამ ზეგავლენით შექმნა მინიატურები, რომლებშიც, სხვათაშორის, არასოდეს მიუმართავს რომელიმე ხალხური მელოდიის ციტირების ხერხისთვის. ასეა თუ ისე, ხალხური მუსიკით შთაგონებულმა შოპენმა თავისი მაზურკებით ახალ სიმაღლეზე აიყვანა საფორტეპიანო მინიატურის ჟანრი და, ამასთანავე, მსოფლიო პოპულარობა მოუტანა თავისი საყვარელი სამშობლოს მუსიკალური კულტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს - პოლონურ ხალხურ მუსიკასა და ცეკვებს. 

 

ლისტის „მოგონებები დონ ჟუანზე“
 

მუსიკალური კულტურის მიღწევების პოპულარიზება ფერენც ლისტის ერთ-ერთი მოწოდებაც გახლდათ. თავისი დროის უდიდესი პიანისტი გატაცებით ქმნიდა როგორც კლასიკოსთა, ისე თავის თანამედროვე კომპოზიტორთა ნაწარმოებების საფორტეპიანო გადამუშავებებს და მათ თავის საკონცერტო ტურნეებში ასრულებდა, რითაც მათ პოპულარიზაციას უწყობდა ხელს. თუ მსმენელს არ ჰქონდა ამა თუ იმ შედევრის ორიგინალში მოსმენის საშუალება, „პირველ როკ-ვარსკვლავად“ აღიარებული ლისტის დამსახურებით ნაწარმოები ფორტეპიანოსათვის გადამუშავებული სახით მაინც აღწევდა მუსიკის მოყვარულთა დიდ ნაწილამდე. 
 
ნაწარმოებების გადამუშავებისას ლისტი ხან ცდილობდა ავტორისეული ტექსტის სიზუსტის დაცვას, რისთვისაც თავად შემოიღო ტერმინი "ტრანსკრიფცია", ხან კი გასაქანს აძლევდა წარმოსახვას და გვთავაზობდა შედარებით თავისუფალ „ფანტაზიებს“, "პარაფრაზებსა" და "რემინისცენციებს" ამა თუ იმ ქმნილების საფუძველზე. 1841 წელს შექმნილი „მოგონებები დონ ჟუანზე“ მოცარტის "დონ ჯოვანის" ლისტისეული რემინისცენციაა. ლისტი გადმოგვცემს ოპერის ძირითად მუსიკალურ და დრამატულ შინაარსს, ოღონდ თავისუფლად ამუშავებს მოცარტის შედევრის მუსიკალურ მასალას. იგი არ მიჰყვება სიუჟეტს, არ იცავს ოპერის აქტების თანმიმდევრობას, არამედ უფრო გვიხატავს თავის დონ ჟუანს, რომელიც ხან კომანდორის ქანდაკებასთან შეხვედრით ზარდაცემული საკუთარ ცოდვებს გაურბის,  ხან კი ლამაზმანთან არშიყობს. დასჯისთვის განწირული დონ ჟუანი თითქოს იშორებს ტრაგიკულ ფერებს და წარმოგვიდგება როგორც მართალია, მაცდუნებელი, მაგრამ სიცოცხლისა და სიყვარულის მეხოტბე გმირი, რომლის სახელიც შემთხვევით როდი შეიმოსა ლეგენდებით.
 

P.S. ამ დროს საქართველოში...
 

იცით რა ლეგენდა აკავშირებს საქართველოს ფერენც ლისტთან? 1865-1867 წლებში ევროპაში გასტროლებს მართავდა ქართული საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებელი, პირველი ქართველი პიანისტი ალოიზ მიზანდარი. ამ გასტროლების დროს მიზანდარი დაუახლოვდა დიდ უნგრელს და, გადმოცემის თანახმად, ისინი ხშირად უკრავდნენ ოთხ ხელში. უფრო მეტიც, ლეგენდა გვაუწყებს, რომ ლისტი ასეთ ხუმრობასაც მიმართავდა ხოლმე: ჩააქრობდა სანთლებს, იწყებდა სრულ სიბნელეში დაკვრას, ხოლო როდესაც სანთლებს აანთებდნენ, როიალთან ალოიზ მიზანდარი იჯდა. ამბობენ, მიზანდარი იმდენად ოსტატურად ანაცვლებდა დიდ პიანისტს, რომ მსმენელი ვერც კი გრძნობდა ცვლილებასო. შესაძლოა ლეგენდაა, მაგრამ ალოიზ მიზანდარის სახელიც შემთხვევით როდი შეიმოსა ლეგენდებით...

 

 

 

მომზადებულია ნინო ჟვანიას მასალების მიხედვით