თუ ვაპირებთ, განვაგრძოთ ცხოვრება...

6 ივნისი, 2019

 

2019 წლის 8 სექტემბერს წინანდლის ფესტივალი იხსნება კონცერტით, რომელზეც გუსტავ მალერის მეორე სიმფონია, "აღდგომა" შესრულდება. 
 

  • როგორ იქმნებოდა?
  • რა იქცა მალერისთვის შთაგონების წყაროდ? 

 

კითხვები
 

ძველ საბერძნეთში კულტურისადმი ორი ფილოსოფიური მიდგომა არსებობდა: კულტურა საშუალებაა, გაექცე ცხოვრების არსის ძიებისა და სიკვდილის გარდაუვალობის იდეას, ან ეძიო ეს აზრი და მოემზადო სიკვდილისთვის.გუსტავ მალერმა მეორე გზა აირჩია. ამ გზას მიუძღვნა მან მთელი თავისი შემოქმედება, განსაკუთრებით კი - მეორე სიმფონია. 

სიმფონიის პირველი ნაწილი 1888 წელს შეიქმნა, როგორც დამოუკიდებელი ნაწარმოები და ის ‘’აღაპის’’, ანუ მიცვალებულთა მოსახსენიებლად გამართული რიტუალის სახელს ატარებდა. მალერის თქმით, "აღაპში" მან თავისი პირველი სიმფონიის - "ტიტანის" ახალგაზრდა გმირი მიაბარა მიწას. 1896 წელს, უკვე სიმფონიის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ წერილში კომპოზიტორი იხსენებდა, რომ გმირის განვლილ ცხოვრებაზე ფიქრისას დაიბადა კითხვები:  

"რატომ იცხოვრე? რატომ იტანჯე? ნუთუ ყველაფერი ეს სხვა არაფერია, თუ არა ერთი დიდი, საშინელი ხუმრობა? ჩვენ როგორღაც უნდა გავცეთ პასუხი ამ კითხვებს, თუ ვაპირებთ, განვაგრძოთ ცხოვრება... თუ ვაპირებთ, გნებავთ, განვაგრძოთ სიკვდილი! ადამიანმა, რომლის ცხოვრებაშიც ამ კითხვებმა თუნდაც მხოლოდ ერთხელ გაიჟღერა, უნდა გასცეს მათ პასუხი".

 

პასუხი
 

გუსტავ მალერმა 1983 წელს გადაწყვიტა, რომ "აღაპი" მეორე სიმფონიის პირველი ნაწილი გახდებოდა. მომდევნო სამი ნაწილი უკვე საკმაოდ მცირე დროში დაწერა. აღსანიშნავია მეოთხე, რომელშიც ავტორმა შემოიყვანა ადამიანის ხმა, გააორკესტრა რა ალტისთვის შექმნილი სიმღერა "პირველნათელი".
ფინალზე მუშაობა მომდევნო წლის აპრილამდე გაიწელა... მასში კომპოზიტორმა, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მსგავსად, გუნდის გამოყენება გადაწყვიტა, თუმცა შესაფერისი ტექსტის მოძიება გაუჭირდა. 1984 წლის 29 მარტს მისი მეგობარი, გერმანელი დირიჟორი და კომპოზიტორი ჰანს ფონ ბიულოვი გარდაიცვალა, რომლის მოსახსენიებელ წირვაზეც მალერმა ფრიდრიჰ გოთლიბ კლოპშტოკის ლექსზე შექმნილი ქორალი "აღდგომა" მოისმინა... "ეს მეხის გავარდნას ჰგავდა," - წერდა მალერი. "ჩემს გონებაში ყველაფერს ნათელი მოეფინა". 
"აღსდგები, დიახ, აღსდგები შენ, ჩემო ნეშტო, ხანმოკლე ძილის შემდეგ"... მალერმა კლოპშტოკის ლექსის ორი სტროფი გამოიყენა. დანარჩენი ტექსტი თავად შეთხზა და გასცა პასუხი პირველ ნაწილში დასმულ ყველა კითხვებს.

„მოვკვდები, რათა ვიცოცხლო!
აღსდგები, დიახ, აღსდგები შენ,
ჩემო გულო, თვალის ერთ დახამხამებაში!
და ის, რისთვისაც იბრძოლე, 
წარგიძღვება შენ უფლისაკენ!“

სწორედ ამ იდეიდან დაიბადა სიმფონიის სათაურიც - „აღდგომა“, რომელიც თავად კომპოზიტორს არ ეკუთვნის.
 


 

„აღდგომის“ გზავნილი
 

1895 წლის დეკემბერში, სიმფონიის პრემიერიდან ერთი კვირაში, მალერი წერს: "სიმფონიის სპირიტუალური გზავნილი ფინალური გუნდის სიტყვებშია.... თუმცა, მე არავის ვთხოვ, გამომყვეს ჩემს გზაზე და დეტალების ინტერპრეტირებას თითოეული ინდივიდუალური მსმენელის წარმოსახვას ვანდობ".  
რატომ ცხოვრობთ? რატომ იტანჯებით? ნუთუ ყველაფერი ეს სხვა არაფერია, თუ არა დიდი, საშინელი ხუმრობა? თქვენ როგორღაც უნდა გასცეთ პასუხი ამ კითხვებს, თუ აპირებთ, განაგრძოთ ცხოვრება... თუ აპირებთ, გნებავთ, განაგრძოთ სიკვდილი... იპოვოთ ცხოვრების აზრი და მომზადოთ სიკვდილისთვის.
ვინც ამ გზას ირჩევს, მალერზე და მის „აღდგომაზე“ უკეთეს მეგზურს ვერ ნახავს. 
წინანდლის ფესტივალზე პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრისა და ჯანანდრეა ნოზედას არაჩვეულებრივი შესრულება გელოდებათ. 
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ლინკს - http://bit.ly/გუსტავმალერი


ამ დროს საქართველოში... 


აღსანიშნავია, რომ იმ წელს, როცა გუსტავ მალერის "აღდგომის" პრემიერა გაიმართა, საქართველოში ვაჟა-ფშაველამ უკვდავ კითხვებს ლექსად უპასუხა...


 

სოფლისა წესი ასეა: 

ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან; 

მკვდრების მაგივრად მალედვე 

მეორეები ჩნდებიან. 

სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს, 

ეს მიტომ დადვა წესადა; 

სიკვდილი გაუჩენია 

მას თავის გასაკვებადა. 

იმიტომა სძულს უძულური, 

ვით ტანსაცმელი ძველია: 

რომ უყვარს ნორჩი, ახალი, 

მით დაიმშვენოს წელია. 

დავიხოცებით, სიყვარულს 

საკუთარს, ნადებს გულადა, 

ვკარგავთ პირადად და ვფიქრობთ 

საქვეყნოდ დაკარგულადა. 

მკვდარნი ვეკარგვით სიყვარულს, 

ის ისევ რჩება ცხოვლადა, 

დაფრინავს, როგორც ფარვანა, 

საამო, კარგი ყოვლადა, 

გულის ძგერა აქვს სამეფოდ, 

ვნებათ ღელვა ჰყავს მშობლადა. 

ცოცხლებს უძგერებს კვლავ გულსა, 

შიგ ია-ვარდის მრგველია, 

იმისგან ჰყვირის ირემი, 

მისით დაფრინავს შველია; 

მისგანა გალობს ბულუბლი, 

მისგნითვე მწვანობს ველია, 

იმისგან ხარობს ბუნება - 

უკანასკნელი მწერია…

ზღვაში იღუპვის ჭაბუკი, 

თავის სატრფოსთვის ხელია. 

დიდება ქვეყნის შემომქმედს, 

რა კარგად დაუწერია!..